სალომე სამადაშვილი - სენატორი შაჰინი გულდაწყვეტილია, რომ ჩვენმა ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება
„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების პროცესი.
მისივე შეფასებით, სენატორს აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა დაეხმაროს საქართველოს, მორიგ ჯერზე არ დაკარგოს კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სენატორ შაჰინთან. იცით, რომ ის ძალიან დიდი ხანია, არის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მეგობარი, გულშემატკივარი. ის, ისევე როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი, საკმაოდ გულდაწყვეტილია, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში, მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, სენატორს ამ შემთხვევაში ძალიან აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს და მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი. როგორც იცით, სენატორი შაჰინი არის განსაკუთრებით გავლენიანი სწორედ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. მას ძალიან დიდ პატივს სცემენ ევროპაში და ევროკავშირის დღის წესრიგი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა, მას აინტერესებს, ოპოზიციას როგორ ესახება პრობლემების მოგვარება და ამაზე გვქონდა გასაუბრების შესაძლებლობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში მყოფ ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან არაოფიციალური მიღება გაიმართა.