სალომე სამადაშვილი - სენატორებს აინტერესებდათ ოპოზიციის ხედვები, როგორ გვესახება პრობლემების გადაჭრა, თუ კოალიციური მთავრობის შემადგენლობით მოვალთ ხელისუფლებაში
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სენატორი ჯინ შაჰინი განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.
როგორც სამადაშვილმა სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სენატორებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჰქონდათ.
„გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მოგეხსენებათ, სენატორი შაჰინი უკვე მრავალი წელიწადია, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. მას ძალიან კარგად ესმის გამოწვევები, რაც დგას ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებით დაინტერესდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით და აქ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ასევე, შემდეგი არჩევნებით. ვფიქრობ, სენატორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ადგილობრივი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის ჩვენ ქვეყანაში და მის პოლიტიკურ მომავალში. ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ ბევრი შეკითხვა, თუმცა, ასევე ვისაუბრეთ ოკუპაციის გამოწვევებზე, ნატო-ში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის დღის წესრიგზე. დიდი იმედი გვაქვს, სენატორებისგან ძლიერ მხარდაჭერას მივიღებთ ყველა ამ მიმართულებით, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში. გვქონდა სამუშაო ვახშამი, სადაც ვსაუბრობდით ადამიანებთან, რომლებიც ამ ქვეყნის პრობლემებს კარგად იცნობენ, არიან ამ ქვეყნის მეგობრები და სურთ, რომ ჩვენთან ერთად განსაზღვრონ, როგორ შეიძლება უკეთ დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები იმ მომავლის უზრუნველყოფას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული. მათ აინტერესებდათ ოპოზიციის ხედვები, როგორ გვესახება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის შემადგენლობით მოვალთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.