სალომე სამადაშვილი - საზოგადოებას იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების მოშორება, რომ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას
ბარიერი 5%-ზე დარჩება, დაიწევს თუ გაიზრდება, საზოგადოებას იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების მოშორება ქვეყნის მართვის სათავეებიდან, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს მიითვისებს.
„მინდა, ესმოდეს საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე თქვენი ხმები. სხვა პარტიებს რომ მისცემთ ხმებს და ეს პარტიები პარლამენტში ვერ მოხვდებიან, ამ ხმებს მიიწერს „ქართული ოცნება“. თქვენი ხმების მოპარვა უნდათ და ამიტომ არ წევენ ბარიერს. მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, დაიწევს თუ გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების მოშორება ქვეყნის მართვის სათავეებიდან, რომ „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ბარიერს თუ შეცვლიან, ჩვენ დავუჭერთ მხარს; თუ არ შეცვლიან, ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.