სალომე სამადაშვილი - საქართველოს ხელისუფლება, გააფრთხილეს, რომ თუ არჩევნების ჩატარების წესი არ შეიცვლება, აშშ-სთან ურთიერთობებს საფრთხე შეექმნება
როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაკარგა რწმენა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იცავს იმ სტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც დასავლეთს აქვს ანაკლიის პორტთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად გააფრთხილეს, რომ თუ არჩევნების ჩატარების წესი არ შეიცვლება და რეალურად არ იქნება დაცული დემოკრატიული თამაშის წესები, ქვეყანას და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან საფრთხე შეექმნება.
„ძალიან შემაშფოთებელია, როცა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება, საჯაროდ გააკეთოს ის გზავნილები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს იყო შეხსენება, რომ სტრატეგიული ურთიერთობები ემყარება საერთო ღირებულებებს. როგორც ჩანს, ამ საერთო ღირებულებებს აშშ უკვე ვეღარ ხედავს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში. ასევე ძალიან შემაშფოთებელია, ჩვენს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საჯაროდ გაფრთხილება უწევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთისთვის ძალიან დიდია და რუსეთ-ჩინეთის ინტერესები უპირისპირდება დასავლეთის ინტერესებს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაკარგა რწმენა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იცავს სწორედ იმ სტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც დასავლეთს აქვს ანაკლიის პორტთან მიმართებაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.