სალომე სამადაშვილი - საქართველომ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ ჩვენი მიდგომა სინქრონიზებული იყოს დასავლეთის სანქციების რეჟიმთან იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას აქვს
დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, აღმოჩნდეს იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს იმ სანქციების რეჟიმს, რომელიც დასავლეთმა დააწესა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის შეკავების სისტემის შესაქმნელად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ მისი მიდგომა სინქრონიზებული იყოს დასავლეთის სანქციების რეჟიმთან.
„ყველა მსგავსი განაცხადი, საჯარო იქნება ეს თუ ფარული ნაბიჯები, რომელიც ეხმარება ინფრასტრუქტურის შექმნას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაეხმარება რუსეთს თავი აარიდოს სანქციებს, ეს ნეიტრალურ პოზიციადაც კი ვერ ჩაითვლება დღევანდელ მდგომარეობაში. ჩვენი პოზიცია იყო და არის, რომ საქართველომ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ სინქრონიზებული იყოს ჩვენი მიდგომა დასავლეთის სანქციების რეჟიმთან იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას აქვს, მათ შორის იმავე ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ მრავალი წელია ვამბობთ, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა ქვეყანა ჩიხში, როდესაც გაზარდა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით და ახლა სასწრაფოდ არის დასამუშავებელი გეგმა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის აღსადგენად, რადგან ყველას გვესმის, რომ ჩვენ ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში, „ქართული ოცნების“ გატარებული პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა სამადაშვილმა.