სალომე სამადაშვილი - საქართველო იშვიათი გამონაკლისია დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც სიტყვით მიმართვისთვის არ მოუწვევია ზელენსკი, ეს სირცხვილია
საქართველო დღეს არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის, ეს არის დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გუშინ ყველამ იხილა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფალი მსოფლიოს დედაქალაქში როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის.
„მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის და ამ პარლამენტის სირცხვილია ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თქვენ დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება. დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის, ეს არის დიდი სირცხვილი“, – განაცხადა სამადაშვილმა.