სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, განსჯის საკითხი გახდა ისეთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანს თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო
ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე მივიდა საქმე ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მთლიანად დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება. ადამიანებს გაუჩნდათ იმდენად მძაფრი განცდა უსამართლობის, რომ განსჯის საკითხი გახდა, ისეთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანს თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრზე განხორციელებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, განსჯის საკითხი არ უნდა იყოს ის, რომ ადამიანზე ფიზიკური ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების არის, მიუღებელია.
„ეს მთლიანად აჩვენებს, თუ რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საზოგადოება იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი, არ მისცა ქართველ ხალხს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით აერჩია საკუთარი ხელისუფლება და შეიყვანა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კრიზისში. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“. არ მგონია, რომ განსჯის საკითხი უნდა იყოს ის, რომ ადამიანზე ფიზიკური ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების არის, ჩვენთვის მიუღებელ რამეს აკეთებს განსჯის საგანი უნდა ყოფილიყო. რა განსხვავებული შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს, მსგავსი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფორმა ჩემთვის არის მიუღებელი. ვფიქრობ, დიახ, განსხვავებული აზრი აქვს, მათ შორის ალბათ, ძალიან ბევრ მხარდამჭერს „ნაციონალური მოძრაობისა“. ვიღაც აქტიურად გამოხატავს ამ პოზიციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოების უმრავლესობას ცხადია, რომ არ მოსწონს ის ვითარება, რაც ქვეყანაში შეიქმნა, მათ შორის ის, რომ უსამართლობის განცდამ ადამიანები მიიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.