სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების სურვილი გამოთქვეს, ისინი შესაბამის ნებართვას ელოდებიან
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოექცა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ გამოითქვა სურვილი საპატიმროში მისი მონახულების საერთაშორისო წარმომადგენლების მხრიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შესაბამის ნებართვას ელოდებიან.
„ისინი ელოდებიან შესაბამის ნებართვას. ამიტომ არ გავასაჯაროებ მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ თუ ისინი მიიღებენ შესაბამის თანხმობას იუსტიციის მინისტრისგან, აპირებენ, რომ მოინახულონ სააკაშვილი ციხეში. მეც ვაპირებ პარასკევს, რომ სააკაშვილი მოვინახულო.
სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ეს იყო ნათქვამი ძალიან ცხადად ყველა საერთაშორისო განცხადებაში, რომელიც გაკეთდა. „ქართული ოცნების“ ადგილზე ჩავთვლიდი, რომ დღეს მათ ინტერესებში არის, მიეცეს შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მოინახულონ სააკაშვილი საპატიმროში“,- განაცხადა სამადაშვილმა.