სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება
საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
სამადაშვილი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
„მინდა, რომ ორივე მეზობელს მშვიდობა ვუსურვო. საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება. ჩვენს ინტერესებშია რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მძიმე ვითარების დასრულებას მშვიდობიანად შეძლებენ. ორივე მხარეს უნდა მოვუწოდოთ, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ყარაბაღის საკითხზე გააკეთა, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებაში ახალი არაფერია.
„მთიანი ყარაბაღის თემაზე ყოველთვის იყო და იქნება იგივე, რაც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი არის ხელშეუხებელი და შესაბამისად ვერ ვხედავ, რა არის ახალი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. ეს იყო ყოველთვის საქართველოს პოზიცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.