სალომე სამადაშვილი - საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და არა გადავადება თვეობით, რაღაც კომისიების შექმნით და იქ მსჯელობით, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ ექნება, ეს არის მხოლოდ დროის კარგვა
უახლოეს მომავალში ჩვენს კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, თუმცა ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ მთავრობის პირობებში ჩვენ არ შეიძლება, გვქონდეს მოლოდინი, რომ ქვეყანა მიაღწევს წარმატებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი რომ არ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან და შეესრულებინა ყველა შეთანხმებული პუნქტი, საქართველოს შესაძლოა, უკვე ჰქონოდა მიღებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„არავინ რომ არ შევიდეს შეცდომაში, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ რაიმე კომისიების შექმნა კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმ ნაბიჯების, რომელიც მათ შორის, არის უკვე შეთანხმებული, მათ შორის მიშელის შეთანხმების ფარგლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი.
შემიძლია, ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, მმართველი გუნდი რომ არ გასულიყო მიშელის შეთანხმებიდან და შეესრულებინა ყველა პუნქტი, რაზეც შევთანხმდით, საქართველოს შესაძლოა, უკვე ჰქონოდა მიღებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის, რომ საჭიროა კონკრეტული მოქმედება, კონკრეტულად ნაბიჯების გადადგმა და არა გადავადება თვეებით, რაღაც კომისიების შექმნით, იქ მსჯელობის გამართვით, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ ექნება, არის მხოლოდ დროის კარგვა. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში ჩვენს კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა შეიძლება, დაუყოვნებლივ გაკეთდეს, თუმცა ჩვენი პოზიცია რჩება და არის, რომ ამ მთავრობის, ამ მინისტრთა კაბინეტის პირობებში ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ქვეყანა მიაღწევს წარმატებას. ამიტომ ისევ და ისევ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, რომ შეიქმნას ეროვნული თანხმობის კაბინეტი, მთავრობა, რომელიც შეძლებს, რომ ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გვჭირდება სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ მას და მის გუნდს არანაირი დღის წესრიგი არ აქვს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„ვფიქრობ, რომ როდესაც ევროკავშირმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, როდესაც კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ კობახიძეს და მის გუნდს არანაირი დღის წესრიგი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ, როდესაც მსგავს განაცხადს აკეთებს კობახიძე, ეს თავისთავად აზრს უკარგავს ყველაფერ სხვას, რასაც ის აცხადებს, რომ თითქოს აქ რაიმე მზადყოფნაა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ვიდრე ივანიშვილი მოიაზრება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამოცანა, როდესაც მათ განგვისაზღვრეს ჩვენ დეოლიგარქიზაცია, მგონი ყველას ესმის, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობის გარეშე და შესაბამისად, ცხადია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგის თემა არის ივანიშვილი პოლიტიკური გავლენისგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა გუშინ წარადგინა.