სალომე სამადაშვილი - საარჩევნო რეფორმაში ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია
სალომე სამადაშვილი - საარჩევნო რეფორმაში ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია

საარჩევნო რეფორმაში ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც საზოგადოებაში საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობას გაზრდის.

„საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, თქვენ ალბათ გქონდათ შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოთ იმ ცვლილებებს, რომელიც გათვალისწინებულია შემოთავაზებული კანონპროექტით. მე ვიტყოდი, რომ ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც აქამდე იქნა მიცემული, თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია, თუმცა რჩება პრობლემური საკითხები, რომელზეც კომიტეტზე გუშინაც გვქონდა საუბარი და დღესაც გაგრძელდება.

ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, იცვლება ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც ჩვენს საზოგადოებაში გაზრდის სანდოობას საარჩევნო სისტემის მიმართ, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ასევე შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ახალ სისტემაში მისი უფლებამოსილებები საკმარისად შეზღუდული იქნება, რათა მან გადამწყვეტი ზეგავლენა ვერ მოახდინოს. მაინც ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა არჩევნების მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, რომ თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალ თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით, პარლამენტის მიერ.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში სჭირდება იმგვარად, რომ აღდგეს მოქალაქეების ნდობა არჩვენების მიმართ. ჩვენ ეს თუ ვერ მოვახერხეთ ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა არჩევნებზე, ჩვენ უბრალოდ წავაწყდებით ნიჰილიზმს, საზოგადოებას არ ექნება რწმენა, რომ აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას. სწორედ ეს უნდა გადავლახოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.