სალომე სამადაშვილი - რუსული ხელისუფლების შეცვლა ის გასაღებია, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს, თუ სურს, იცხოვროს ევროკავშირში
საქართველოს ყველა მეგობარი უკრაინაში და სხვაგან ხედავენ, რომ ქვეყანას რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს, ხელისუფლების დღის წესრიგია, საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მათ შორის ამ მიზნით დაწყებულია პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას მხრიდან ძალიან მართებული შეფასებაა ქართველი ხალხისთვის სიმართლის თქმა, რომ თუ მათ ევროპული მომავალი სურთ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მათ ვერანაირი ევროპული მომავალი ვერ ექნებათ.
„ეს არის ის, რასაც ქართველ ხალხს ჩვენც ვეუბნებით. ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს რუსულ ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ევროპული დღის წესრიგის რეალიზაციას. რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ქართველ ხალხს ევროპული მომავალი ვერ ექნება. რუსული ხელისუფლების შეცვლა ის გასაღებია, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყენოს, თუ სურს, მომავალში იცხოვროს არა ჩინეთისა და რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოში, არამედ ევროკავშირში. რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. საქართველო იქნება რუსეთისა და ჩინეთის უკანა ეზო კორუმპირებული და არადემოკრატიული ხელისუფლებით. ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს ყველას, ვისაც ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება სურს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.