სალომე სამადაშვილი - რუსეთს მიაჩნია, რომ დაუსჯელად შეუძლია გააგრძელოს საქართველოს მიმართ ძალადობრივი პოლიტიკა
დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში საქართველო ფაქტიურად აღარ არის წარმოდგენილი რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილ დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებას შეძლებს.
„რუსეთის პრეზიდენტს არც გერმანიის კანცლერი, არც აშშ-ის პრეზიდენტი არ ესაუბრება საქართველოზე. რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია დაუსჯელად გააგრძელოს ის ძალადობრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაუსჯელად გააგრძელოს საზღვრის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა, რადგან არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა ამისთვის არ უწევს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭიროს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გამოცდილ დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც ექნება შესაძლებლობები, დააბრუნოს საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტისას, ოპოზიციას შესაძლებლობა ექნება, ანგელა მერკელს შეხვდეს და ესაუბროს როგორც უსაფრთხოების, ისე შიდა დემოკრატიულ პროცესებზე.
„კარგია, რომ გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა ეწვიოს რეგიონს და მათ შორის საქართველოს. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევხვდეთ ქალბატონ კანცლერს. საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე შიდა დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. გერმანიის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ამოცანის განსახორციელებლად როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დაბრუნების თვალსაზრისითაც, რადგან დემოკრატიული სისტემის გარეშე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არანაირი მომავალი არ აქვს“,-განაცხადა მან.