სალომე სამადაშვილი - რუსეთის გზავნილს მათ შორის ჩვენმა სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა გასცეს პასუხი, ჩვენს ფრაქციას ექნება შესაბამისი ინიციატივა, რომელსაც ხვალ წარვადგენთ
სალომე სამადაშვილი - რუსეთის გზავნილს მათ შორის ჩვენმა სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა გასცეს პასუხი, ჩვენს ფრაქციას ექნება შესაბამისი ინიციატივა, რომელსაც ხვალ წარვადგენთ

რუსეთის ფედერაცია გადადის აგრესიულ ქმედებაზე როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნების ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეშლის მიმართულებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველომ რუსეთის ამ გზავნილს ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით დამაიმედებელია განცხადება, რომელიც დასავლეთიდან ვნახეთ. როგორც დიდი შვიდეულის, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო და რუსეთის აგრესიულ ტონს შეეხებოდა. მიმაჩნია, რომ მათ შორის ჩვენმა სახელმწიფომაც ადეკვატურად უნდა გასცეს პასუხი რუსეთის ამ უკანასკნელ გზავნილს. ჩვენს ფრაქციას ექნება შესაბამისი ინიციატივა, რომელსაც საზოგადოებას ხვალ წარვუდგენთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებული განცხადების საპასუხო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.