სალომე სამადაშვილი - რუსეთი შეუზღუდავად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რადგან საქართველოს ოკუპაციის თემა საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნილია
ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის აშენება ფაქტიურად ბორდერიზაციის გაგრძელებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებისა და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა.
„რუსეთი შეუზღუდავად არღვევს ამ ხელშეკრულებას, რადგან დღეს ეს პრობლემატიკა, საქართველოს ოკუპაციის თემა მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. გუშინ დავბრუნდი ბრიუსელიდან. სწორედ ბრიუსელში უნდა ხდებოდეს მსგავსი საკითხების განხილვა. სამწუხაროდ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ვიზიტი ვერ გამოიყენა, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში მსგავსი პრობლემების აქტუალიზება ხდებოდეს. რუსეთს მსგავს გადაწყვეტილებებზე არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით სამუშაოები გუშინ დაიწყეს, რომელიც დღესაც გაგრძელდა.
ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული საკითხს ქართული მხარე ხვალ ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე დააყენებს.