სალომე სამადაშვილი - როდესაც მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია პოლიტიკური მოტივით, ყველა აქცია, რომელიც მიაპყრობს საზოგადოების ყურადღებას და გაზრდის წნეხს, სწორი პოლიტიკური ნაბიჯია
ჩვენ ვიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას აქციებში. დღესაც ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არიან მათ შორის ბათუმში, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქცოები ყველგან უნდა გაიმართოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მწვავე საპროტესტო აქციები ყველგან, სადაც არის შესაძლებელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს შეეგუოს მისი კონსტიტუციური უფლებების გაუქმებას, როგორიც არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. პროტესტი არის მნიშვნელოვანი მათ შორის საერთაშორისო წნეხის მობილიზებისთვის და შესაბამისად, ჩვენ ცხადია თითოეული ჩვენგანი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ პროტესტის ორგანიზებაშიც და თვითონ საპროტესტო ტალღაშიც. მიმაჩნია, რომ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის დაპატიმრებული პოლიტიკური მოტივაციით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ყველა შესაბამისი აქცია, რომელიც მიაპყრობს საზოგადოების ყურადღებას ამ ფაქტისკენ და გაზრდის წნეხს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, არის სწორი პოლიტიკური ნაბიჯი“, – განაცხადა სამადაშვილმა.