სალომე სამადაშვილი - როდესაც ამბობ, რომ რუსეთსაც არ უნდა თავისუფალი არჩევნები და ამერიკის საელჩოც არაფერს აკეთებს, ეს არის რუსული პროპაგანდის გზავნილი
სალომე სამადაშვილი - როდესაც ამბობ, რომ რუსეთსაც არ უნდა თავისუფალი არჩევნები და ამერიკის საელჩოც არაფერს აკეთებს, ეს არის რუსული პროპაგანდის გზავნილი

ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში კამპანიური სახე მიიღო საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  სალომე სამადაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„მინდა, ამ ხალხს შევახსენო, ვინც გადაწყვიტა, რომ განტევების ვაცებად აქციოს რაღაც ორი კონკრეტული ელჩი – პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას მოუწოდებენ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოუწოდებენ საუკეთესო მეგობრები, მაგალითად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბელიუსი და მოუწოდებს ფაქტობრივად, ყველა.

ამიტომ ამ ორ ფასილიტატორ ელჩს, კელი დეგნანს, კარლ ჰარცელს, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყონ,ნუ ვაქცევთ სამიზნედ. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. ისინი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ და გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევქმნათ სივრცე, სადაც მოხვალთ და ერთმანეთს დაელაპარაკებით, მაგრამ ჩვენ თქვენს ნაცვლად ვერ შევთანხმდებით.

ამიტომ, როგორც ოპოზიცია ვერ გადააბარებს პასუხისმგებლობას ელჩებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს თავის გადაწყვეტილებაზე, ასევე, ვერც მთავრობა ვერ გადააბარებს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ გადაწყვეტილებებზე სხვას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირველად არ ხდება – მსგავსი პროცესი მაგალითად მოხდა სერბეთში, სადაც იქაურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უკანასკნელ არჩევნებზე ბოიკოტი არჩევნებს გამოუცხადეს და მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის უშუალო მონაწილეობით თვეების მანძილზე მანამდე მიდიოდა მოლაპარაკებები შეთანხმებისთვის. ვერ მოხდა ეს შეთანხმება. მსგავსი პროცესები, ძირითადად ბალკანეთის ქვეყნებში ხდება. ეტყობა, ვგავართ არა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით, არამედ ტემპერამენტითაც. იქაც ძალიან ხშირად, საერთაშორისო პროცესმა, რომელიც ცდილობდა, მხარეები შეთანხმებულიყვნენ, ვერ მიაღწია შედეგს. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. ნუ მოვთხოვთ ვიღაცას, რომ იმას უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა. ჩვენს ნაცვლად ჩვენს პრობლემებს ვერავინ გადაწყვიტავს. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია.

მოდით, მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ცდილობს, ქვეყანაში ხელი შეუწყოს პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციას და ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა.

შეიძლება, არასათანადოდ შეაფასო რისკები, შეიძლება, პოლიტიკურ ანალიზში რაღაც შეცდომა მოგივიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ რუსული პროპაგანდის გზავნილები ავიღოთ და ვისაუბროთ ერთ სიბრტყეში აშშ-ის ელჩთან. იყო ასეთი გზავნილები, რომ როდესაც ერთ სიბრტყეში აყენებ და ამბობ, რომ რუსეთსაც არ უნდა თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში და ამერიკის საელჩოც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყნაში. უკაცრავად, ეს არის რუსული პროპაგანდის გზავნილი და ამას არც მე ვიტყვი და არც მიმაჩნია სწორად. ისმის ეს გზავნილები სოციალურ ქსელებში, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.