სალომე სამადაშვილი - როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ, ცხადია, ასე მოლაპარაკებებს ვერ განვაახლებთ
სალომე სამადაშვილი - როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ, ცხადია, ასე მოლაპარაკებებს ვერ განვაახლებთ

როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ, ცხადია, ასე მოლაპარაკებებს ვერ განვაახლებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტის საკითხზე პროგრესს თუ მიაღწევს, მზად არის მოლაპარაკებების განახლებისთვის.

„არასდროს გვითქამს უარი დიალოგზე, მაგრამ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დიალოგს შესაძლებელს გახდის. ვფიქრობ, ეს ესმით ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. თქვენ ნახეთ, რა განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს განცხადება აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ვაშინგტონში ჩვენი პარტნიორების მოლოდინი არის ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის არა დროებით, არამედ სამუდამოდ შეწყვეტა. დღემდე გადაუჭრელია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკური ნიშნით დევნის და პოლიტპატიმრების თემაზე პროგრესს თუ მივაღწევთ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და ეს მოლაპარაკები უნდა შეეხებოდეს იმას, როგორ და რანაირად ვაპირებთ, ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით დავამყაროთ სტაბილური გარემო.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ როდესაც მოლაპარაკების პროცესში ადამიანი მძევლად აჰყავთ, ცხადია, ასე მოლაპარაკებებს ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია გასაგებია. ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა დასრულდეს. ამ რეჟიმში, როდესაც ხელისუფლება იქცევა, როგორც კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ხალხი მძევლად აჰყავს, ცხადია, რომ არ გვაქვს მოლაპარაკებების რესურსის არსებობის იმედი. ამიტომ, უახლოეს დღეებში, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, სწორედ ეს განსაზღვრავს, რა მიმართულებით წავა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.