სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის ექვს წელში 12 მლრდ ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ცხრა წელში, სად მიდის ეს ფული
სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის ექვს წელში 12 მლრდ ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ცხრა წელში, სად მიდის ეს ფული

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის ექვსი წლის განმავლობაში ჯამურად დახარჯა 62 მილიარდამდე ლარი, რაც 12 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა ქვეყნის მართვის ცხრა წლის განმავლობაში – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, რა სიკეთე შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხისთვის აღნიშნული ფინანსური რესურსის დახარჯვით.

„თუ მკითხვათ, რაში დახარჯა ის ფული „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლის მანძილზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, თქვენზე 12 მილიარდით ნაკლები, შემიძლია, ძალიან მარტივად გიპასუხოთ, რომ ფერფლიდან შეიქმნა ქართული სახელმწიფო, შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, გზები, აეროპორტები, განახლებული პოლიცია, ქართული ჯარი. იყო ეს საკმარისი? არ იყო საკმარისი, მეტი იყო გასაკეთებელი, მაგრამ ექვს წელიწადში ამდენი ფული, თქვენი დაბეჭდილი ფული არა, ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული რომ დახარჯეთ, მაინტერესებს, რა სიკეთე შექმენით ქართველი ხალხისთვის?

როდესაც გვეუბნებით სოციალურ დახმარებაში დახარჯულ ფონდებზე, მაინტერესებს, რატომ იზრდება მაშინ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი? სამუშაო ადგილების შექმნაში თუ იხარჯება ბიუჯეტი, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში უმუშევრობა? უფრო ჯანმრთელ საზოგადოებაში თუ ვცხოვრობთ, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები და არ არის ეს მართალი, რომ ასე ხდება ყველგან, ეს ხდება ჩვენ სიკვდილით სავსე ქალაქში, რომელიც სიცოცხლით სავსე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში გარემოს დაბინძურების დონე ერთ-ერთი ყველაზე უარესია.

„სად მიდის ეს ფული, რომელსაც ხარჯავთ? ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც წარმოსახვით რეალობაში არსებობს? რადგან რეალურად ვერ ვხედავთ“, – განაცხადა სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.