სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა, როგორც ევროპარლამენტის წევრების, ასევე ოპოზიციის შესწორებები
სტრასბურგში დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გადაწყვეტილებით დაბლოკა იმ დოკუმენტის მიღება, რომელიც მაგალითად, აცხადებდა, რომ საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივა აუცილებლად უნდა ქონდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტში თანამშრომლობის კომიტეტი 20 წელია, ყოველ წელს იმართება და ყოველთვის სრულდება საბოლოო დეკლარაციით.
„საბოლოო დეკლარაციას მხარი უნდა დაუჭიროს, როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის უმრავლესობამ, ასევე ქართული დელეგაციის უმრავლესობამ, თუმცა დღეს ის ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, როგორც მათთვის მისაღები დოკუმენტი, აღმოჩნდა, რომ არ იყო მისაღები არც ევროპარლამენტის წევრების ურმავლესობისთვის და არც ქართული ოპოზიციისთვის, ამიტომ უპრეცედენტოდ ბევრი შესწორება იქნა წარდგენილი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, როგორც ევროპარლამენტარების, ასევე ქართული ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ყველა შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის დელეგაციამ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევრპარლამენტარების შესწორებებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ორივე შესწორება, როგორც ევროპარლამენტის წევრების, ასევე ოპოზიციის.
„შესაბამისად, ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ თქვა, რომ შესწორების გარეშე, რომლებიც შეეხებოდა დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას, საარჩევნო სისტემას და ა.შ. მათთვის მისაღები არ იყო დოკუმენტის იმ სახით მიღება, რომელი სახითაც „ქართულ ოცნებას“ დოკუმენტის მიღება უნდოდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გადაწყვეტილებით დაბლოკა იმ დოკუმენტის მიღება, რომელიც მაგალითად, აცხადებდა, რომ საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პერსპექტივა აუცილებლად უნდა ქონდეს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ეს შედგა დღეს სწორედ სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროპარლამენტარების ურთიერთობის ისტორიაში პირველად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.