სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“, როგორც არჩევნების წინ სჩვევია, ტრადიციულად ოპოზიციას ადანაშაულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ტრადიციულად ადანაშაულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, როგორც ეს მას არჩევნების წინ სჩვევია, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია კომპანია „აიფიემისთვის“ დაკვეთილ კვლევაში მოქალაქეებს ერთ-ერთ შესაძლო პასუხად შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობს
სამადაშვილის თქმით, მმართველი გუნდი არჩევნების წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს.
„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც ტრადიციულად, როგორც ქართულ ოცნებას არჩევნების წინ სჩვევია, ოპოზიციას ადანაშაულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში და განსაკუთრებით, აქცენტი კეთდება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ქართული ოცნება“ სრული კრახისთვის არის განწირული. მინდა, ავხსნა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის ეს ბრიფინგი. ვხედავთ, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს აგებს და წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს. „ქართულ ოცნებას“ აღარავინ დარჩა მისი სახელით სასაუბროდ გარდა ყველაზე ოდიოზური ფიგურებისა, როგორიც არის ბატონი კობახიძე და ქალბატონი წულუკიანი, რადგან მათი მხარდამჭერებიც კი, რომლებიც რაღაც ღირებულებითს წარმოადგენდნენ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ტოვებენ მათ რიგებს.
მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული კოორდინატორები აღარ აპირებენ, მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკურ ძალას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენი გადარჩენის საშუალება ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის დამარცხებაა.
დღეს „ქართული ოცნების“ ამოცანაა, შეაშინოს ხალხი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, არ მოატყუებინოთ თავი „ქართულ ოცნებას“. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ გადაწყვეტთ, რომ სახლში დარჩეთ, ამით ხმას აძლევთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ხვალინდელი აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება გაფრთხილება, რა ელოდება მას 31 ოქტომბერს.
სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი მართავს და რომლის მიზანი ძალადობის წახალისებაა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „რთულია, ასეთ განცხადებას სერიოზულად უპასუხო“.
„ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ საბურავების საწყობებზე იყო საუბარი. სახუმარო არ არის, როცა ასეთ სიტუაციაშია ჩავარდნილი მმართველი გუნდი, მაგრამ ძალიან რთულია, ხუმრობის გარდა, სხვაგვარად გამოეხმაურო ამ განცხადებას. მესმის, რომ სრულ პანიკაში არიან მმართველი გუნდი და ირაკლი კობახიძე. ვხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, ვხედავთ, რა ხდება მესტიაში. ხელისუფლებამ დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა. ქართველი ხალხის თვალში ამ ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს იმის შედეგია, რაც ქვეყანაში ხდება – სრულიად უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აღარ ემორჩილება ხალხი და კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ სტაბილურობის შენარჩუნების ყველაზე კარგი გზა არის თავისუფალი არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ამ შედეგების მშვიდად მიღება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციამ კომპანია „აიფიემს“ დაუკვეთა კვლევა, სადაც კითხვაზე – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ – მოქალაქეებს ერთ-ერთ ასარჩევ პასუხად შესთავაზეს – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.