სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ქვეყანას სადაც მიაქანებს, გასაგებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ არის ამის ალტერნატივა, სწორედ ამ პოზიციას ვიზიარებთ ჩვენც
ეს გარედან ჩანს, როგორც ბრძოლა შიდა პარტიული გავლენების გადანაწილებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ობიექტურად აქვს, – ასე უპასუხა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა რელევანტური და სამართლიანი ის პრეტენზიები, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარეს უყენებენ.
„არ შეიძლება, რომ პარტიას, რომლის ლიდერი დღეს საპატიმროშია, არ ჰქონდეს გამოწვევები. პარტიას გამოწვევები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამ ფონზე ეს არის ბრძოლა შიდა გავლენებისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ეს შემდეგ, ასახვას ჰპოვებს მთელ პოლიტიკურ პროცესზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანები ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდებიან და პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ აქვს პოტენციალი, შექმნას ეს შეთავაზება.
„როგორც უდაბნოში ადამიანი წყალს ეძებს, ასე ელოდებიან ადამიანები ალტერნატიულ შეთავაზებას. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ პოზიციით, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ გვაქვს პოტენციალი, შევქმნათ სწორედ ის შეთავაზება, რაც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ამ ქვეყანაში. ქვეყანაში მყარად ჩამოყალიბდა ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანის აზრი, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას სადაც მიაქანებს, გასაგებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ არის ამის ალტერნატივა და სწორედ ამ პოზიციას ვიზიარებთ ჩვენც“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ შერბილდა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესწორებები, რადგან საბოლოო, კომპრომისული შესწორებები ისეთი მწვავე აღარ არის, როგორც თავდაპირველი ვერსიები იყო, სამადაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, კომპრომისული შესწორებებიც ძალიან მწვავეა და დღევანდელი შეფასებით ევროპარლამენტის ყველა პარტია შეჯერდა იმაზე, რომ საქართველოს ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ასე კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ გვაქვს.
„ეს ჩემთვის არის ყველაზე მწვავე შეფასება, რაც შეიძლება, ამ დოკუმენტში აღმოჩენილიყო“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი არის ევროკავშირის უმაღლესი არჩევითი პოლიტიკური ორგანო და მათი პოლიტიკური სიგნალები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, როგორც ევროპული საბჭოსთვის, ასევე ევროკომისიისთვის.
„ევროკომისია აკეთებს ტექნიკურ შეფასებებს, როგორ მიმდინარეობს რეფორმები და მოთხოვნების შესრულება, საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი იღებს ევროპული საბჭო, სადაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურები იკრიბებიან. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები არიან არჩეული სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიდან. ზოგი სოციალისტია, ზოგი ლიბერალური ჯგუფიდან არის, ზოგი სახალხო პარტიიდან და ა.შ. ანუ, ეს ხალხი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ესენი არიან იგივე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ვინც ევროპარლამენტშიცაა წარმოდგენილი. ანუ, ევროპარლამენტი არის ევროკავშირის უმაღლესი არჩევითი პოლიტიკური ორგანო და მათი პოლიტიკური სიგნალები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, როგორც ევროპული საბჭოსთვის, ასევე ევროკომისიისთვის. ვინ არის დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი? – ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი არ არის? მიშელი ვინ არის, ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის?“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხალხს ატყუებს, როცა ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე არ იმოქმედებს.
„არ შეიძლება, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს, სადაც მთლიანადაა შეფასებული საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები, არ ჰქონდეს დომინოს ეფექტი შემდეგ ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.