სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ თუ აქვს პოლიტიკური ნება, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი დაადასტურებს საკუთარ მზადყოფნას, რომ შეთანხმება გაფორმდეს
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების სპექტრის უდიდესი ნაწილი დაადასტურებს საკუთარ მზადყოფნას, რომ შეთანხმება გაფორმდეს, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს მთავრობს პოზიცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას განაგრძობს.
„მოლაპარაკებებში მონაწილეობას გავაგრძელებთ. რა წინადადება იქნება მისაღები „ქართლი ოცნების“ მხრიდან, ამას განსაზღვრავს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიციური პარტიების ერთიანობა, რადგან ოპოზიციური პარტიები ერთიანად აწარმოებენ დღეს ამ მოლაპარაკებებს. ამიტომ, თავს შევიკავებ რაიმე კომენტარაბისგან. დღეს ჩვენ არ გვაქვს რაიმე ახალი შეთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან. უკვე დაწერილი გვაქვს განცხადებები და როგორც იცით, ყველა ოპოზიციური პარტია ერთობლივად გეგმავს მანდატების დათმობის შესახებ განცხადებების შეტანას. პროცედურებს ვათანხმებთ სხვა პარტიებთან ერთად. ჩვენი მხრიდან ამ მოლაპარაკების პროცესში შევქმენით სივრცე შეთანხმებისთვის, როდესაც დავიწყეთ საუბარი პლებისციტზე და ცხადია, რომ ამ პოზიციის მომხრე ვრჩებით. სივრცე შეთანხმებისთვის უნდა არსებობდეს, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივ რეჟიმში თავს ესხმის ოპოზიციურ პარტიებს, ემუქრება ჟურნალისტებს და დამოუკიდებელი მასმედიის წარმომადგენელს. ეს არ ქმნის იმ გარემოს, რომელშიც შეთანხმების მიღწევა არის მარტივი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს პოლიტიკური ნება შეთანხმების გასაფორმებლად, მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების სპექტრის უდიდესი ნაწილი დაადასტურებს საკუთარ მზადყოფნას, რომ შეთანხმება გაფორმდეს, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს მთავრობს პოზიცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.