სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ თუ აღარ სურს საუბარი პოლიტპატიმრებზე, ვადამდელ არჩევნებზე, აღარ ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში ევროკავშირის წარმომადგენელი კიდევ ერთი ფუჭი ვიზიტით
„ქართულ ოცნებას“ თუ აღარ სურს საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა პოლიტპატიმრების საკითხი და ვადამდელი არჩევნები, მაშინ, უპრიანი იქნება, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს ოფიციალურად ევროკავშირს და პირდაპირ უთხრას, რომ აღარ აინტერესებს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„მოლაპარაკებების დღის წესრიგი, მათ შორის ის საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ მოლაპარაკებების ფარგლებში, დადგინდა ჯერ კიდევ მიშელის ვიზიტის დროს. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაც არის მიშელის გეგმაში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მხარეებისთვის მისაღებ კონსენსუსს, რათა შეთანხმება შედგეს. „ქართულ ოცნებას“ აღარ სურს მოლაპარაკებების გაგრძელება; ამის სიგნალად მიმაჩნია განცხადება, რომ კონკრეტული თემები, როგორიც არის პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიშელის გეგმაში არის დაფიქსირებული. ამ თემებზე თუ „ქართულ ოცნებას“ საუბარი აღარ სურს, ეს არის პირდაპირ სიგნალი, რომ მათ აღარ სურთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება. მაშინ, უპრიანი იქნება საქართველოს ხელისუფლებამ მიმართოს ოფიციალურად ევროკავშირს და პირდაპირ უთხრას, რომ აღარ აინტერესებს ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და პროცესი დაასრულოს, აღარ ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში ევროკავშირი და მისი წარმომადგენელი კიდევ ერთი ფუჭი ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დეტალი გამჟღავნდება მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით, საზოგადოება კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაინახავს, რომ ხელისუფლებას შეთანხმების გასაფორმებლად რეალური პოლიტიკური ნება არ აქვს.
„ჩვენი პარტნიორებისა და მედიატორების თხოვნა იყო, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ თავი შეგვეკავებინა დეტალებზე საუბრისგან. ამ პოზიციას თუ გადახედავენ და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, ვისაუბროთ დეტალებზე, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან მათ შორის იმ განცხადებების ფონზე, რომელიც გუშინ გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან, ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ოპოზიციას ამ შემთხვევაში არაფერი არ აქვს დასამალი. რეალურად ფაქტობრივად, თვითაღიარებითი ჩვენება მისცა ხელისუფლებამ, რომ მათი დღის წესრიგი არის სწორედ ამ მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანა და რაც უფრო მეტი დეტალი გამჟღავნდება ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე, ვფიქრობ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაინახავს, რომ ხელისუფლებას რეალური პოლიტიკური ნება ამ შეთანხმების გასაფორმებლად არ აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.