სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე
რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – სრულად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადის წარმატებაზე, მის წარუმატებლობაზე და იცით რა ეს ძალიან კარგად, სწორედ ამიტომ წამოიწყეთ ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის ბინძური კამპანია საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.
სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში ნდობა აღარ გააჩნია. პარლამენტის წევრმა „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებისკენ, ხოლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, ეს დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება.
„თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, იმიტომ, რომ თქვენ, არც ერთ თქვენგანს, ვინც ამ დარბაზში სხედხართ, არც ერთ თქვენგანს, ვისაც დღეს გქვიათ პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში და ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული. საქართველოს დღეს არ ლობირებს ევროკავშირის წევრი არც ერთი სახელმწიფო და მაინტერესებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ევროდეპუტატები ოპოზიციის მოკავშირეებად გამოაცხადეთ, 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან ათი არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი პოლიტიკური გუნდის – „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? იცით, რატომ არ არიან ისინი არსად? იმიტომ, რომ ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს. თქვენ არავის არ წარმოადგენთ, რამდენჯერაც ჩახვალთ და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ გარდა იმისა, რომ მიიღებთ ევროკავშირისგან პრობლემების ჩამონათვალის გრძელ სიას, რომელიც გადასაჭრელია, რათა ჩვენი ქვეყანა მართლაც სადღაც აღმოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის შარლ მიშელის შეთანხმება, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობა, ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან მოგიწოდებთ, დაუბრუნდით მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ, გადავარჩინოთ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აქვე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს: გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური, შეწყალების უფლება. ეს დღეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ბოლოს, თუ არავინ გისმენთ, თუ არანაირი შესაძლებლობა არ გაქვთ, ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, მაშინ წადით სახლში, რატომ ხართ ხელისუფლებაში? ოპოზიციისკენ რატომ იშვერთ ხელს?“, – განაცხადა დეპუტატმა.