სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, საკუთარი რესურსი ქუჩაში ხალხის გამოყვანაზე კი არ დახარჯონ, არამედ სამართლიანი და თავისუფალი მეორე ტური უზრუნველყონ
ციხესთან აქციების დაორგანიზება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა პატიმარზე. ვფიქრობ, რომ ეს ასე შეფასდება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაურკვეველია ხელისუფლება საკუთარი აქციის პროტესტს ვის უცხადებს.
„გაურკვეველია, ხელისუფლებას რაში სჭირდება ხვალინდელი აქციის ორგანიზება, ვის უცხადებს პროტესტს, საკუთარ თავს? თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები არის ის გზა, რომლითაც წყდება, ვინ იღებს ქვეყანაში, ქალაქში, სოფელში, თუ ეროვნულ დონეზე მართვის სადავეებს და არა ის, თუ ვის რა რაოდენობით ადამიანი გამოჰყავს ქუჩაში. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ტაქტიკა ძალიან ძვირი უჯდება იმ მცირერიცხოვანი ელექტორატის შენარჩუნების თვალსაზრისითაც კი, რომელიც ჯერ კიდევ ამ პარტიას აძლევს ხმას. ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოსული ადამიანების თავების დათვლა ძალიან უგვანო პოლიტიკური საქციელია. აქციაზე 500 ადამიანი გამოდის, თუ 50 ათასი, ეს ხელისუფლებისთვის ერთნაირად საყურადღებო უნდა იყოს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმდენი მძღოლი დაგვჭირდება, რამდენიც ადამიანიც ოპოზიციის აქციაზე იყოო და ეს არის პოლიტიკური პროცესის პრიმიტიულ დონემდე დაყვანა. მათ მოვუწოდებ, საკუთარი რესურსი ქუჩაში ხალხის გამოყვანაზე კი არ დახარჯონ, არამედ სამართლიანი და თავისუფალი მეორე ტური უზრუნველყონ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს.