სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს - ან შეასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას და გაათავისუფლებთ გიორგი რურუას, ან ღიად აცხადებთ, რომ აშშ-თან თანამშრომლობა პრიორიტეტი აღარ არის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ შეიტანა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არის შესწორება იმ დოკუმენტში, რომელიც შეეხება 2020-21 წელს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას.
სამადაშვილის განმარტებით, დოკუმენტის სათაურია – დემოკრატიის ხარისხის შეფასება საქართველოში.
სალომე სამადაშვილის თქმით, სწორედ დემოკრატიული პრინციპების გატარებაზე არის დამოკიდებული, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა და ფინანსური დახმარება.
„დღეს, როდესაც ორიოდე დღე რჩება რვა მარტის შეთანხმების შესასრულებლად და საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მისაღებად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა რიშმა შეიტანა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.
ეს არის შესწორება იმ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც შეეხება 2020-21 წელს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას. დოკუმენტის სათაური არის დემოკრატიის ხარისხის შეფასება საქართველოში და მე მსურს, შეგახსენოთ, სწორედ დემოკრატიული პრინციპების გატარებაზე არის დამოკიდებული, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა, ფინანსური დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი, როგორც გავრილოვის ღამეზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე.
„აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობით გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს.
მე ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ვიდრე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება ამერიკის შეერთებული შტატების სენატში.
ეს პოტენციურად საფრთხეს უქმნის უკვე ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. ამიტომ მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ან შეასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას, გაათავისუფლებთ გიორგი რურუას და მოგვცემთ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან ღიად აცხადებთ, რომ მათ შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თქვენთვის აღარ არის პრიორიტეტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.