სალომე სამადაშვილი - ქალბატონო თეა, ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი
ქალბატონო თეა, თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და შურისძიებისთვის, დღემდე ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.
როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გუშინ იუსტიციის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან უმანკოების მანტიამოსხმულს ესაუბრა.
„ქალბატონო თეა, თქვენ წარმოადგენთ იმ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში, რომელიც გახდა ძალიან იშვიათი მოვლენა საქართველოში. საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი. თქვენს გადადგომას ითხოვს ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი, არამედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ქალბატონო თეა, რომლებიც წლების მანძილზე აკვირდებიან თქვენ საქმიანობას და მიაჩნიათ, რომ თქვენ ვიდრე რჩებით დაკავებულ პოსტზე, ამ ქვეყანაში არც კანონის უზენაესობა იქნება, არც სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება და ვერც სამართალს ვერ იპოვის ვერავინ. ქალბატონო თეა, მომავალში, როდესაც შეეცდებით მორალური უპირატესობის პოზიციიდან ესაუბროთ ვინმეს, იძულებული ვიქნებით შეგახსენოთ, რა არის მართლაც უკადრებელი. გუშინ საუბრობდით, თურმე უკადრებელია კითხვის დასმა – რას აკეთებთ იმისთვის, რომ დაიცვათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მომისმინეთ ქალბატონო მინისტრო, რა არის უკადრებელი. უკადრებელია, რომ თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთმა პროკურორმა გაუგზავნა წერილი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომელშიც განაცხადა, რომ ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთის დანაშაულის გამოძიებისთვის, რადგან წინა ხელისუფლების დანაშაული უნდა გამოვიძიოთო. თქვენ როცა გთხოვეთ ამ წერილების შინაარსის მოყოლა, არ მოყევით, რადგან არ გინდათ, რომ გაიხსენოთ. დიახ, ქალბატონო თეა, თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და შურისძიებისთვის, დღემდე ამ ფუნქციას ასრულებთ და ამიტომ ბრძანდებით შეუცვლელი მინისტრი“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანს.