სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტის მხრიდან სწორი იქნება თუ „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა
პრეზიდენტის დისკრეციული გადაწყვეტილებაა გამოიყენებს თუ არა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები ძალიან ნაჩქარევად, ფარულად მიიღო მმართველმა უმრავლესობამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება.
„მიმაჩნია, რომ უნდა შევაჩეროთ ნებისმიერი მექანიზმით, რომელიც ამ ეტაპზე არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის, კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება აღნიშნული ცვლილებისთვის. ცხადია, გავაცნობ პრეზიდენტს ჩემს ხედვას. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამება მათ შორის იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ პრეზიდენტის თანდასწრებით. ამიტომ, ცხადია, სწორი იქნება მისი მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვნახეთ მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მკაცრი განცხადება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დღემდე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია. თუ ის ჩათვლის, რომ ამ შემთხვევაში მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენება არის ქვეყნის და დემოკრატიის ინტერესებში მე მხოლოდ მივესალმები ამას. მიმაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებების ინიცირება თუ უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს უნდა გააკეთოს ხელმეორედ, აღნიშნული ცვლილებები უნდა წარიმართოს ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, ფართო საზოგადოებრივი თანამონაწილეობით და ოპოზიციის თანამონაწილეობის პირობებში“, – განაცხადა სამადაშვილმა.