პრემიერ-მინისტრი დღევანდელი მიმართვა რუსეთს კომფორტს უქმნის – ამის შესახებ პირველ არხს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ- ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, დღეს ქართული მხარე რუსეთზე საერთაშორისო წნეხის გაზრდაზე უნდა ზრუნავდეს.
„დღეს არსებულ ვითარებაში და იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქე მოკლეს და მის ცხედარს წარმოუდგენელი ცინიზმით ეპყრობიან, მსგავსი განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. დღეს ქართული მხარე უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ რუსეთზე საერთაშორისო წნეხი გაზარდოს იმისთვის, რათა რეალურად დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მსგავს ნაბიჯებსა და ყველა დარღვეულ პირობაზე პასუხისგება მოუწევს. ამის ნაცვლად, პრემიერი რუსეთს, ფაქტობრივად, კომფორტს უქმნის, როდესაც მათთან კვლავ უპირობოდ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრობს იმის ნაცვლად, რომ საკუთარი გზავნილი გაამკაცროს“- განაცხადა სამადაშვილმა
მისი განმარტებით, პრემიერის დღევანდელი განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელია და საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს.
„ეს განცხადება ასევე დამაზიანებელია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის ინტერესებშია, რომ ამ კონფლიქტში მხარედ არ მოიაზრებოდეს და ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს, ოსებს ან აფხაზებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება აქვთ და შეუძლიათ მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან აწარმოონ. ჩვენ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან გვჭირდება, მაგრამ ამ დიალოგის პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე სერიოზული პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო.
პრემიერის განცხადება მე ასე გავიგე, რომ დღეს იმ რეზოლუციის ტექსტის მიღება, რომელიც პარლამენტში თავად უმრავლესობამ წარადგინა, როგორც ჩანს, ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიზანშეწონილად ჩათვლილი არ არის. პრემიერმა მისი გზავნილი გააჟღერა, რომ რუსეთთან დათმობისა და დათბობის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს მიმართვა ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს“, – განმარტა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.