სალომე სამადაშვილი - პრემიერის განცხადება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესება, რომლებთან დაკავშირებითაც შეკითხვები არსებობს, ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
„პრემიერის განცხადება, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა ისევ საზოგადოებისთვის, თითქოს ხელისუფლება არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომლის შედეგადაც ჩვენს სასამართლო სისტემაში რჩებიან ის მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა და რომელთა მიმართაც ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ესენი არიან მარტივად მართული მოსამართლეები.
მათი დატოვება შესაბამის სისტემაში შედის ხელისუფლების ინტერესებში და პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით უბრალოდ, ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასმართლო ხელისუფლება, რაც ყველა ჩვენგანმა იცის, რომ არის უბრალოდ სიცრუე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გუშინ ჩატარდა. წარდგენილი 50 კანდიდატიდან 6-ს უარი ეთქვა უვადო მოსამართლეობაზე, ხოლო შერჩეული 44 კანდიდატიდან 6 მოსამართლეს საბჭოს ყველა 15-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის მმართველ გუნდშიც.