სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლის კუთხით შეთანხმებას თუ არ მივაღწიეთ, აზრი ეკარგება არჩევნებში მონაწილეობას
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლის კუთხით შეთანხმებას თუ არ მივაღწიეთ, აზრი ეკარგება არჩევნებში მონაწილეობას

თუ არ მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლის კუთხით, აზრი ეკარგება არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე პუნქტში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობას.

„ვფიქრობ, თუ არ მივაღწიეთ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც ჩვენ ვაყენებთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური მოტივაციით ადამიანების სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას – თუ არ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ყველა ამ პუნქტს დააკმაყოფილებს, მაშინ აზრი ეკარგება ამ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

ანუ ოპოზიციის მხრიდან არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ექნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მოთხოვნები, ეს უკავშირდება ციხეში უმიზეზოდ გამომწყვდეული კარტოგრაფების და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც ურცხვად ჩაუდეს იარაღი და დააკავეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ ეხება მის საქმეს და ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ გიორგი რურუა გაათავისუფლოს. როდესაც შეწყდება პოლიტიკური და მედიალიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, აი მაშინ განვიხილავთ პარლამენტში მუშაობის არსს იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ გარემოში ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ესაა ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.