სალომე სამადაშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ ქვეყანაში რუსული დაკვეთის პირდაპირ შემსრულებელი ძალაა
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, “პატრიოტთა ალიანსი” ქვეყანაში რუსული დაკვეთის პირდაპირ შემსრულებელი ძალაა.
ჟურნალისტებთან საუბარისას სალომე სამადაშვილმა უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც ადა მარშანიამ მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ავანტურის ავტორები საქართველოს პარლამენტში სხედან და სათანადოდ არ არიან დასჯილები.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიაა არის არა ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსული ინტერესების გამტარებელია, არამედ ის, რომ ისინი რეალურად „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიას წარმოადგენს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად მსგავსი განცხადებები გვესმის, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ სახელმწიფოს ოკუპაციის განხორციელებაში ადანაშაულებს. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გვიკვირს და ყველა განცხადება ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დააზიანოს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ფუნდამენტური დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს”, – დასძინა სამადაშვილმა.