სალომე სამადაშვილი - პარლამენტთან მდგომი ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, თავს დამესხა, ეს ქალი დავალებას ასრულებს
პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტთან მდგომი ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, მას თავს დაესხა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ეს ქალი დავალებას ასრულებს, საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებს.
„ქალი, რომელიც პარლამენტის წინ მოწყალებას ითხოვს, ფიზიკურად თავს დამესხა. ეს ქალი დავალებებს ასრულებს, თავისი ინიციატივით არ არის. როგორ შეიძლება, იქ იდგეს, ხელისუფლებას რომ არ უნდოდეს? როგორც ჩანს, დღეს დაკვეთილი ჰქონდა პროვოკაციის მოწყობა ჩემი შემოსვლის დროს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, რაც გუშინ კომიტეტზე მოხდა, ჩვეულებრივი ამბავი არ არის.
„პროცედურების დარღვევით წარიმართა რუსული კანონის დამტკიცების პროცესი. პარლამენტის წევრებს მუშაობის და სიტყვის თავისუფლების უფლება შეუზღუდეს. საჩივარი დაიწერება და პასუხი მოეთხოვებათ, როდესაც გვეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც შესაბამის დასკვნას გააკეთებს სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური დაკვეთით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.