სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თბილისში დაბრუნება გავლენას იმ ხალხზე მოახდენს, ვინც ქუთაისში პარლამენტის არსებობაზეა დამოკიდებული
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება, ეს ზეგავლენას იმ ხალხზე მოახდენს, ვინც ქუთაისში პარლამენტის არსებობაზეა დამოკიდებული.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” დროს ქვეყნის დეცენტრალიზაცია დაიწყო, რომლის ნაწილი პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო.
„ამას თან სხვა უწყებების გადმოტანა უნდა მოჰყოლოდა. რეალურად, ქუთაისში პარლამენტიც არ არის ბოლომდე გადმოსული, ეს პროცესი “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ 2012 წელს შეაჩერა. ვხედავთ, რომ დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება და ქუთაისში ხალხი როგორ ცხოვრობს, ესეც ნათელია”, – დასძინა სამადაშვილმა.
პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.