სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
„მიუღებელია, რომ პაატა ბურჭულაძე დათანხმდა ღონისძიებაში მონაწილეობას. თუ მას სურს, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ მსგავს გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური კონიუნქტურა. მის ადგილზე, პირველ რიგში, ავხსნიდი მომხდარს. ვფიქრობ, საზოგადოება მისგან იმსახურებს ბოდიშს. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას პარტიის სახელით, თუმცა ჩემთვის პირადად მიუღებელია მასთან თანამშრომლობა”, – განაცხადა სამადაშვილმა.
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.