სალომე სამადაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი არ მოაწერონ ცესკო-ში შემაჯამებელ ოქმებს
სალომე სამადაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი არ მოაწერონ ცესკო-ში შემაჯამებელ ოქმებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გაყალბებული არჩევნების  ბათილად ცნობა მოუწევს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე სამადაშვილმა საზოგადოებას დღეს, 16:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ამასთან, სამადაშვილმა ცესკო-ში ოპოზიციიდან წარმოდგენილ საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართა, ხელი არ მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც მისი თქმით, გაყალბებულია.

„დღეს გავიღვიძეთ ახალ რეალობაში – ბიძინა ივანიშვილმა ღამე დემოკრატია გააუქმა. მივმართავ კომისიის წევრებს – ახლა მიმდინარეობს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმება. ოპოზიციური პარტიებიდან კომისიაში წარმომადგენლებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს. მივმართავთ კომისიის ყველა წევრს, ხელი არ მოაწერონ არც ერთ ოქმს არავითარი ზემოქმედებისა და მუქარის შემთხვევაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, თამარ ჟვანიამ გააყალბა არჩევნების შედეგები და ეს უნდა იყოს ბოლო არჩევნები, როდესაც ჟვანია ცესკო-ს ხელმძღვანელობს. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას პროფესიული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ივანიშვილი ცდილობს, ბოლომდე მოიყვანოს მასზე დაკისრებული მისია – გზის გადაკეტვა ევროპისა და ნატოს-კენ. არავის ეგონოს, რომ გუშინდელი გაყალბება არის მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელიც გრძელი რიგების მიუხედავად, მივიდა არჩევნებზე – თუ თქვენ გუშინ ხმა მიეცით ცვლილებას, თქვენ გითხრეს, რომ ხართ უუფლებო ადამიანები და არარაობები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა დღეს დაგეგმილ აქციაზე უნდა დაიცვან ხმები და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგებინონ მათი პოზიცია – ისევე, როგორც ეს ოპოზიციამ გააკეთა.