სალომე სამადაშვილი - ნულოვანი ბარიერის შემოღებამ და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვამ, შესაძლოა, პოლიტიკურ პროცესში ქაოსი გამოიწვიოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მსჯელობის ერთ-ერთი თემა საარჩევნო ბარიერს უნდა შეეხოს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ქვეყანაში მცირე ბარიერი უნდა არსებობდეს.
„როცა კონსტიტუციის ცვლილებაზე მსჯელობა იქნება, არგუმენტაცია უნდა მოვისმინოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის, რა ლოგიკაა ამის უკან – სამართლებრივი თუ პოლიტიკური. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა ის, რომ ნულოვანი ბარიერი შემოვიღოთ და ავკრძალოთ ბლოკებად გაერთიანება, რადგან ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს პოლიტიკურ პროცესში ქაოსი. ეს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში არ დაეხმარება, შეიძლება, პირიქით, პოლიტიკური პროცესი უმართავი გახდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.