სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ თავდადებით იბრძოლა, ის ღირებული პოლიტიკოსია და წარმატებებს ვუსურვებ
ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ იბრძოლა თავდადებით, ის ღირებული პოლიტიკოსია და წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თმით, ნიკა მელია ოპოზიციურ ველზე არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების განმავლობაში.
„გვახსოვს, რომ მან ძალიან თავდადებით არაერთხელ იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი და წარმატებებს ვუსურვებ. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გეგმები აქვს საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ მზად არის თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას.
„პარტია „ლელოს“ პოზიცია ცნობილია. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი პარტიული გაძლიერება. ამავე დროს, „ლელო“ მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.