სალომე სამადაშვილი - ნათია თურნავასგან ვერც ერთ შეკითხვაზე ახალი ინფორმაცია ვერ მივიღეთ
სალომე სამადაშვილი - ნათია თურნავასგან ვერც ერთ შეკითხვაზე ახალი ინფორმაცია ვერ მივიღეთ

სამწუხაროდ, ეკონომიკის მინისტრი მოვიდა პარლამენტში და უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი შეკითხვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმინეს.

მისი თქმით, მინისტრისგან ვერ მოისმინა პასუხები ვერც ანაკლიის პორტის თემაზე, ვერც გაზპრომის ხელშეკრულების საკითხზე და ვერც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის თემაზე.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა საფრთხის ქვეშა არის. ისევ მივიღეთ ცარიელი დაპირება, რომ პორტი აშენდება, მაგრამ როგორ აპირებს ხელისუფლება ამის რეალიზებას, ვერ მოვისმინეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის „გაზპრომი”. დავრწმუნდით კიდევ ერთხელ იმაში, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ბიუჯეტისთვის წამგებიან პირობებზე დათანხმდა ხელისუფლება, რომელმაც დააბრუნა „გაზპრომის” გაზი ბაზარზე. ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი, როგორ აპირებს დაიცვას ჩვენი ენერგოსისტემა და სახელმწიფო შემდგომი ზეგავლენის გაზრდისგან. შესაბამისად, ვერ მოვისმინეთ, „გაზპრომის” დაბრუნების პოლიტიკური შედეგებისგან, როგორ აპირებს ხელისუფლება სახელმწიფოს დაცვას.

რაც შეეხება პანკისს, თუ ხელისუფლებამ იცოდა, რომ პანკისში არ იყო მიღწეული თანხმობა ჰესის მშენებლობაზე, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა მაშინ სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მიეღწია შეთანხმება. ვერც ერთ შეკითხვაზე ახალი ინფორმაცია ვერ მივიღეთ”, – განაცხადა სამადაშვილმა.