სალომე სამადაშვილი - ნათია თურნავა მოწყვეტილია რეალობას, თვითონაც არ სჯერა იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც ტრიბუნიდან აკადრებს ქართველ ხალხს
მოწყვეტილი ხართ რეალობას და მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ქართველ ხალხს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას. მინისტრი სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.
„მოწყვეტილი ხართ რეალობას და მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ქართველ ხალხს. მინდა, შეგახსენოთ, ვის ესაუბრებით, იმ ქვეყანას და საზოგადოებას, რომლის 70 პროცენტზე მეტი დღეს სიღარიბეში ცხოვრობს. თავი რომ მოგაქვთ თქვენი ეკონომიკური პროგრამებით, დღეს საქართველოში მხოლოდ შვიდი პროცენტია საშუალო ფენა. ჩემთვის ძალიან უცნაურია, თუ ასეთი გადასარევი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდათ გასული რვა წლის მანძილზე, თქვენ, რომელიც წინა ხელისუფლების წევრიც იყავით, ტრიბუნიდან ბედავთ და გვეუბნებით, რომ თურმე უხერხული იყო წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა. ახლა თავი მოგაქვთ და ამაყობთ ამ ხელისუფლების წევრობით. როგორც ჩანს არა მხოლოდ მორალური კომპასი გაქვთ დაშლილი და გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც, რადგან იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის წევრიც თქვენც იყავით, საშუალო ეკონომიკური ზრდა, ყველაზე მაღალი ზრდა იყო 12 პროცენტი, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომლის პირობებშიც 5 პროცენტი იყო, ქვეყნის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლარის კურსზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში დოლარი 1.55 შეადგენდა. ამასთან, სამადაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ბიუჯეტს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში ხარჯავს.
„მინდა, შეგახსენოთ ლარის კურსი, რაზე გვესაუბრებით საერთოდ, როდესაც თავისუფალ ვარდნაშია ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი და სრულიად გაღატაკებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთი დოლარი იყო 1.55 ლარი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს არის 3.2. იმ გადასახადებზე რომ გვესაუბრებით, ვინ შეამცირა საგადასახადო წნეხი, თუ არა წინა ხელისუფლებამ, რომელმაც 21 გადასახადიდან 6-მდე დატოვა გადასახადი, ოღონდ განსხვავება იცით რაშია, მაშინ იმ დაბალი და შემცირებული გადასახადებისგან აღებული თანხა ხმარდებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ახლა რომ გვესაუბრებით ქუთაისის აეროპორტი უნდა გავაფართოვოთო, აქამდე რას აკეთებდით, რვა წელიწადია, ქვეყანას მართავთ. „ენმ“-მ ოთხი ახალი აეროპორტი ააშენა, დღევანდელმა ხელისუფლებამ არც ერთი. იცით რაში ხარჯავთ შემოსულ სახსრებს? საკუთარი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში უაზრო თანამდებობებზე, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს არავისთვის და ახლა ეს ხარჯი 58 მლნ-მდე გაზარდეთ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ არანაირი დახმარება არ მიუღია მთავრობისგან, იმ ორმოცი პროცენტიდან ვინც მიიღო დახმარება, ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ეს დახმარება არ არის საკმარისი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.