სალომე სამადაშვილი - ნარიშკინის განცხადება აჩვენებს, რომ რუსეთს აღიზიანებს ევროკავშირის გაძლიერებული როლი და სურს, პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს
სალომე სამადაშვილი - ნარიშკინის განცხადება აჩვენებს, რომ რუსეთს აღიზიანებს ევროკავშირის გაძლიერებული როლი და სურს, პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს

რუსეთი არის უკიდურესად შეშფოთებული, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოკავშირე „ოცნების“ მმართველობის ხანა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი უკვე ღიად გადავიდა პროპაგანდისტულ გზავნილებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

„ნარიშკინის განცხადება პირველ რიგში აჩვენებს, რომ რუსეთს სურს, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდეს და ძალიან აღიზიანებს ევროკავშირის გაძლიერებული როლი ამ კრიზისში ჩართვის, მისი მოგვარების გზების საპოვნელად. ეს განცხადება ასევე ღიად და აშკარად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რუსეთი მოიაზრებს საკუთარ მოკავშირედ და საკუთარ საყრდენად საქართველოში. როგორც ჩანს, რუსეთი არის უკიდურესად შეშფოთებული იმით, რომ ქართველმა ხალხმა, როგორც იქნა, მოიაზრა, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოკავშირე „ოცნების“ მმართველობის ხანა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი უკვე ღიად და აშკარად გადავიდა იმ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, რომლებიც ჩვენ მათგან ხშირად გაგვიგია – დასავლეთის ე.წ. უხილავი ხელი, რომელიც თურმე ქართველი ხალხის ნაცვლად წყვეტს, რა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.