სალომე სამადაშვილი - პარლამენტში შესვლა ასევე გულისხმობს შეთანხმების ხელმოწერას, ჩემი შთაბეჭდილებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა იმსჯელონ და ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ
დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდა პირდაპირი განაცხადია, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია.
„უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა. ძალიან სწრაფად მოხდა გირაოს თანხის შესაბამისად დაფარვა, სპეციალური გრანტის სახით. ეს არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ამ პოლიტიკური პატიმრის ციხიდან სწრაფად გამოსაყვანად, ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს, შესაბამისად ნიკა მელიასგან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ რას ელოდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში?“, – სამადაშვილის თქმით, ამაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმსჯელოს ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც ჩათვლიან საჭიროდ, რადგან პარლამენტში შემოსვლა ასევე გულისხმობს მიშელის მიერ მიღწეული შეთანხმების ხელმოწერას. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“. ალბათ უნდა იმსჯელონ და ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.