სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია
ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა არასწორია.
სამადაშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ქვეყნაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველი გახდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყნაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ დაეხმარება მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით. მიმაჩნია, რომ პარლამენტში სრულფასოვანი მუშაობის უფლება ყველა ოპოზიციონერს უნდა ჰქონდეს, მათთვის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 31 მაისს შევიდა, თუმცა პარტიამ უარი თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერაზე.