სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არის საპარლამენტო პარტია, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციით შეიძლება უარის თქმა საპარლამენტო დელეგაციაზე
„ნაციონალური მოძრაობა“ თუ არის საპარლამენტო პარტია და არის საპარლამენტო პარტია, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციით შეიძლება უარის თქმა საპარლამენტო დელეგაციაში შესვლაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს, „ნაცმოძრაობას“ ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, დამოუკიდებელი ვიზიტი განახორციელოს უკრაინაში.
„ჩემთვის ეს ორი განსხვავებული თემაა. ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, მოქალაქეების ჯგუფს, თუ აქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა, შეუძლია უკრაინაში მხარდასაჭერად წასვლა. ეს არ ნიშნავს, რომ სწორად მიმაჩნია მათი გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე. ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები. „ლელოს“ აქვს სერიოზული სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში. თუ იქნება რამე ინიციატივა, რაც გულისხმობს ოპოზიციის თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ცხადია, კონსულტაციებისთვის მზად ვართ ყველასთან“, – განაცხადა სამადაშვილმა.