სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს არაფრის ფასად არ დათმობს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის სუვერენული ინტერესების დათმობას არასდროს, არაფრის ფასად არ აპირებს.
ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
„საქართველოში პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებიც აპირებენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის იმაზე, ეს ქვეყანა იქნება თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. ამ პოლიტიკურ ძალებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ განეკუთვნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს, არაფრის ფასად არ აპირებს, დათმოს ქვეყნის სუვერენული ინტერესები რუსეთის სასარგებლოდ. თუ ეს ინტერესები „ნაციონალურ მოძრაობას“ სერგეი ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ძალად ხდის, ამას ადეკვატურად ქართველი ხალხი უპასუხებს, რომელსაც იგივე არჩევანი აქვს გაკეთებული და იმ ქვეყანაში ცხოვრება არ სურს, რომელიც არის რუსეთის დაქვემდებარებაში“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს, „თუმცა, არ შეიძლება, რუსეთს არ აშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ“.