სალომე სამადაშვილი - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგი იყოს წარმატებული
დავინახეთ, რომ ევროპა არის უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით და საკუთარ სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში ჩვენი ქვეყნისთვის ხელის შეწყობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა აუცილებელია.
„რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოვძებნოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. იყო საუბარი, როგორც პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე, ასევე იმაზეც, რომ ახალი არჩევნები საბოლოოდ ყველაზე საუკეთესო გზაა ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ეს პოზიცია დააფიქსირა ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში. რაც შეეხება მელიას დაკავების თემას, მინდა ხაზგასმით ვთქვა, „ქართული ოცნების“ მოკავშირე პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებსაც კი გაუჭირდათ, რომ არ გაეკრიტიკებინათ ხელისუფლების ეს ნაბიჯი. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მიშელის მიერ ინიცირებული მედიაციის პროცესის. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა არის აუცილებელი. მთავარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ოპოზიციას არ ხელეწიფება, მაგალითად პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ოპოზიციას არ აქვს ბერკეტები, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სისტემის რეფორმა. რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ეს დიალოგი იყოს წარმატებული. ჩვენ მოლაპარაკებებზე საბოლოოდ წარვადგინეთ კომპრომისული შეთავაზებები და ასევე გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც დაეხმარება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას“, – განაცხადა სამადაშვილმა.