სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ვიყოთ უფრო ახლოს დასავლელი პარტნიორების პოლიტიკასთან და სტრატეგიასთან სრულად კოორდინირებული
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების თაობაზე. ამიტომ დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკასთან და სტრატეგიასთან სრულად კოორდინირებული, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას, სადაც ნედ პრაისი აღნიშნავს: „ძალიან ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ“.
როგორც სამადაშვილი ამბობს, უსაფრთხოების გამოწვევების გასამკლავებლად საჭიროა, რომ საერთაშორისო ალიანსებში საქართველოს მდგომარეობა განმტკიცდეს.
„მათ შორის ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების გასამკლავებლად ჩვენ გვჭირდება სწორედ საერთაშორისო ალიანსებში ჩვენი მდგომარეობის განმტკიცება. ამიტომ ჩვენ ხშირად საფუძვლიანად ვაკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას იმ ალიანსებისგან, რომლებიც დღეს სწორედ ვლადიმერ პუტინის ფაშისტური რეჟიმის შეკავების მიზნით დასავლეთში იქმნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.