სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, რუსეთზე რეალური საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება დავიწყოთ
მსგავსი დოკუმენტის მიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთზე რეალური საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება დავიწყოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„მსგავსი დოკუმენტის მიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველა შესაბამის ფორუმზე, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, დავიწყოთ რუსეთზე რეალური საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება, რათა მსგავსი დოკუმენტები შესრულდეს და რეალურად შევძლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.
დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.