სალომე სამადაშვილი - მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წელს სწორედ რუსეთი იყო აგრესორი და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა
მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 2008 წელს სწორედ რუსეთი იყო აგრესორი და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი გამარჯვება.
„მე დღეს მიკვირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც წლებია, საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ 2008 წელს ომი – ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების ბრალი და 2008 წლის ომში საკუთარ სახელმწიფოს სისტემატურად ადანაშაულებდნენ. დღეს ისინი ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ სტრასბურგის გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი გამარჯვება. ძალიან კარგია, რომ სტრასბურგმა პასუხი გასცა ასევე „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ქვეყანაში იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც წლებია, საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ 2008 წლის სამხედრო აგრესიაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო.